logo
ENG



ამირან გამყრელიძე: 45000 მასწავლებელს შერჩევითი კვლევა ჩაუტარდება 

11 სექ 202015:39
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 45 000 მასწავლებელს შერჩევითი კვლევა ჩაუტარდება, რათა მათ სკოლაში გამოცხადებამდე გაირკვეს, არიან თუ არა ინფიცირების გამავრცელებელი წყაროები. 

მისივე განცხადებით, ყველა მასწავლებელი, რომელიც ზაფხულში აჭარის რეგიონში იმყოფებოდა, აღრიცხულია და ისინი ტესტირებას ჩაიტარებენ:

"დაახლოებით 2100-მდე მასწავლებელია ნამყოფი აჭარის ზღვის სანაპიროზე. ყველა აღრიცხული გვყავს და ყველას დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაცია. მათი ტესტირება მოხდება დღეს, ხვალ, ზეგ. დღიური ტესტირება გვაქვს 8000, თუმცა არის იმის სიმძლავრეები, რომ ეს რაოდენობა გაიზარდოს კიდევ.

მასწავლებლები ჩვენი სტრატეგიული ჯგუფია და სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით აუცილებელია მათთან შესაბამისი ზედამხედველობა იყოს, შემუშავებულია სტრატეგია, 45 000 მასწავლებლის ე.წ. რენდომული კვლევა, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მასწავლებლები არ არიან ინფიცირების სტადიაში", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ქუთაისში, გორში რუსთავსა და ფოთში სასწავლო დაწესებულებებში სწავლის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. პრემიერმინისტრის განმარტებით, 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყება სწავლა ყველგან, მათ შორის, ეს ეხება კერძო დაწესებულებებსაც.

11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით ინფიცირების 1 917 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. 19 ადამიანი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.


close დახურვა